
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
ფინანსური აუდიტის მიზანია, ერთის მხრივ, აუდიტორმა მოიპოვოს გონივრული და დასაბუთებული რწმუნება, რომ ფინანსური ანგარიშგება მთლიანობაში არ შეიცავს თაღლითობით ან შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას და ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად არის წარმოდგენილი, და მეორეს მხრივ, გამოთქვას მოსაზრება ამის შესახებ.
აუდიტი წარმოადგენს მარწმუნებელ გარიგებას და ტარდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (ასს).
მონაცემების სისწორე და სამართლიანობა ზრდის კომპანიის ნდობას და გამჭირვალობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
სავალდებულო აუდიტი
უკანასკნელი წლების განმავლობაში, ქართული კანონმდებლობით პირველი და მეორე ზომითი კატეგორიის საწარმოებს მოეთხოვებათ, ყოველწლიურად გამოაქვეყნონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული აუდირებული ფინანსური ანგარიშგება. აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ განსაკუთრებით გაზარდა მოთხოვნა ფინანსური ანგარიშგების აუდიტზე.
საინიციატივო აუდიტი
საინიციატივო, იგივე ნებაყოფლობითი აუდიტი, ხშირად ტარდება კომპანიის მფლობელების ინიციატივით, უმეტესად ხელმძღვანელის ან მთავარი ბუღალტრის შეცვლის შემთხვევაში. აღნიშნული სერვისის დაკვეთა ხდება ასევე პოტენციური ინვესტორის მოთხოვნით, ბიზნესის შეძენის შემთხვევაში საგადასახადო, საფინანსო და სამეურნეო რისკების შემცირების მიზნით.
კომპილაცია და რეპორტინგი
კომპილაციური გარიგება მოიცავს აუდიტორული კომპანიის მიერ ფინანსური ანგარიშგების სფეროში საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით, დამკვეთისათვის მის მიერ მოწოდებული ფინანსური ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენაში დახმარებას, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.
კომპილაციური ტიპის გარიგებებზე განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა უკანასკნელი წლების განმავლობაში, რადგან მესამე ზომითი კატეგორიის საწარმოებს კანონმდებლობით მოეთხოვებათ, როგორც მინიმუმ, მსს ფასს სტანდარტის შესაბამისი არააუდირებული ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნება.
ვინაიდან კომპილაციური გარიგება არ არის მარწმუნებელი გარიგება, ამგვარი მომსახურებისას არ ხდება მოწოდებული ინფორმაციის სისწორისა და სისრულის დამოწმება.
შეთანხმებული პროცედურები
ცალკეულ შემთხვევაში, ორგანიზაციებს ესაჭიროებათ აუდიტორული პროცედურების ჩატარება ფინანსური ანგარიშგების რომელიმე კომპონენტზე ან ფინანსური მონაცემების ცალკეულ მუხლებზე.
შეთანხმებული პროცედურების ჩატარებაზე გარიგების მიზანია, რომ აუდიტორმა ჩაატაროს ისეთი აუდიტორული პროცედურები, რომლებზეც აუდიტორი, დამკვეთი სუბიექტი და რომელიმე შესაფერისი მესამე მხარე იყვნენ შეთანხმებულნი და წარადგინოს ანგარიში აღმოჩენილ ფაქტებზე.
ამ შემთხვევაში, აუდიტორი უბრალოდ წარადგენს ანგარიშს შეთანხმებული პროცედურების ჩატარებისას აღმოჩენილ ფაქტებზე და არ ხდება რწმუნების გამოხატვა. ამის ნაცვლად, ანგარიშში მოცემულია დეტალური ინფორმაცია ჩატარებული პროცედურების და აღმოჩენილი ფაქტების შესახებ, რის საფუძველზეც, ანგარიშის მომხმარებელს შეუძლია გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.
აღნიშნული დასკვნა განკუთვნილია მხოლოდ გარიგებაში მონაწილე მხარეებისთვის და არა სხვა რომელიმე მხარისთვის, ვინაიდან არსებობს ანგარიშში ასახული შედეგების არასწორი ინტერპრეტირების საფრთხე.